შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ბეჟისფერი, როგორც წამყვანი ფერი ინტერიერის დიზაინში, ბევრ ქართულ ბინაში შეგხვდებათ. არა მარტო საქართველოში, ეს ფერი მთელ მსოფლიოშია პოპულარული. ამის მიზეზი ბეჟისფერის უნივერსალურობა და ბუნებრიობაა. ნათელი, პასტელური ჩრდილები კომფორტულ ატმოსფეროს ქმნიან, სადაც მაცხოვრებლები თავს მყუდროდ გრძნობენ. ბეჟი იმდენად ბუნებრივი ფერია, რომ ის იდეალურად ერწყმის მუქ თუ ნათელ ფერებს, ხის მასალას და ნებისმიერი ტიპის იატაკის საფარს. ბეჟისფერი თანაბრად უხდება საძინებელ, მისაღებ, შემოსასვლელ, სამზარეულო თუ სააბაზანო ოთახს.
ცოტა რამ ბეჟისფერის შესახებ
ბეჟი - ეს არის ღია, ბაცი ნაცრისფერის, ყავისფერისა და ყვითელის იდეალური კომბინაცია. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ბეჟისფერი ერთი კონკრეტული ფერი არ არის და მას უამრავი ჩრდილი აქვს. არსებობს მისი მრავალი ვარიაცია: ფრანგული ბეჟისფერი, კრემისფერი, ტოსკანური ბეჟისფერი, უდაბნოს ქვიშისფერი, გაუთეთრებელი აბრეშუმისფერი და სხვა.
თავად სიტყვას ფრანგული ფესვები აქვს და თავდაპირველად მატყლის ბუნებრივ ფერს ეწოდა.
რატომ უნდა აირჩიოთ ბეჟისფერი?
ინტერიერის დიზაინში ბეჟი ხშირად საბაზისო ნეიტრალურ ფერად არის გამოყენებული. ბეჟი სწორედაც იმ შეგრძნებებით გავსებთ, რომელთა გამოც სახლში ყოფნა ყველაზე მეტად გიყვართ - ეს არის კომფორტი, დასვენება, ოჯახური ატმოსფერო, სითბო. თეთრისგან განსხვავებით ბეჟისფერი უფრო დასამახსოვრებელი ფერია და ის მეტად თბილ და კომფორტულ გარემოს გიქმნით.
ბეჟისფერი კედლები
თუ ხართ არქი ვარკეთილის მაცხოვრებელი და თქვენი ბინა 30 კვადრატული მეტრისაა, თქვენი კედლებისთვის ბეჟისფერი საუკეთესო ფერი იქნება. მისი დახმარებით პატარა ბინას ნათელსა და სივრცულს გახდით. უკეთესი იქნება, თუ ოთახში აქსესუარებიც ნათელ და ღია ფერებში იქნება გადაწყვეტილი. ეფექტის გაორმაგებისთვის ინტერიერში სარკეები და ამრეკლავი ზედაპირის მქონე ავეჯიც დაამატეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბეჟი მკრთალი ფერია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი უამრავი ვარიაცია არსებობს. ამიტომ გემოვნებით შერჩეული ჩრდილები კონტრასტულ და საინტერესო ინტერიერს ქმნიან.
ბეჟისფერისა და სხვადასხვა ფერების კომბინაცია
როგორც აღვნიშნეთ, ბეჟისფერის მრავალი ვარიაცია არსებობს. თავად ბეჟი კი 3 ფერის კომბინაციაა. ინტერიერში, როდესაც ბეჟისფერს სხვა ფერებს ვუხამებთ, სწორედ მისი უამრავი ჩრდილი უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ლურჯი და იასამნისფერი ისეთ ბეჟისფერს უხდება, რომელსაც მომწვანო ელფერი დაჰკრავს.
შოკოლადისფერი, ღია ყავისფერი და მუქი ფიზურისფერი იდეალურია ბეჟისფერის ყვითელ და ფორთოხლისფერ ტონებთან.
ბეჟისფერი, რომელსაც ატმისფერი ჩრდილი აქვს, ჰარმონიულად ერწყმის მომწვანო ცისფერს, ღია იასამნისფერს, ყვითელს და შავს.
თუ ბეჟისფერს ნაცრისფერისა და ღია იასამნისფერის ტონები აქვს, ის არაჩვეულებრივია წითელთან, ფორთოხლისფერთან, მკვეთრ ვარდისფერსა და ვერცხლისფერთან.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბეჟისფერის ნაცრისფერი, მწვანე და იასამნისფერი ტონები ოთახს უფრო ცივს ხდის, მაგრამ კარამელისფერი და ატმისფერი ბეჟი სივრცეს სითბოსა და სინაზეს ანიჭებს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომბინაცია, რომელსაც სამზარეულოში, მისაღებ ოთახში თუ საძინებელში შეხვდებით, ეს ბეჟისფერისა და ყავისფერის ნაზავია. იდეალური გადაწყეტილება იქნება, თუ ბეჟისფერში გადაწყვეტილ კედლებს ყავისფერ ავეჯს შეუხამებთ, იატაკი ყავისფერ-ნაცრისფერში უნდა იყოს შესრულებული. ავეჯისთვის კი აუცილებლად გამოიყენეთ ოქროსფერი დეტალები.
თეთრისგან განსხვავებით, ბეჟისფერი ღია ფერებთან კომბინაციაში კონტრასტს არ ქმნის. თუ გსურთ, რომ საძინებელი ოთახის ინტერიერში გამოიყენოთ მკვეთრი ფერები, როგორებიცაა, წითელი, ყვითელი, ფორთოხლისფერი, ეცადეთ ისინი პატარ-პატარა დეკორაციებზე გადაანაწილოთ: ბალიშებზე, კედლის ხაზებზე, საბნებზე და სხვა. უფრო მეტი დამამშვიდებელი ეფექტისთვის ბეჟისფერის და ცისფერი/მწვანეს კომბინაციაც იდეალურია.