შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ნანუკა მიგინეიშვილი არქიში 3 წელზე მეტი ხანია მუშაობს და კომპანიაში „მომხმარებლის ხმას“ წარმოადგენს. ის პერსონალური ასისტენტის პოზიციას იკავებს და ყველა იმ ადამიანს ეხმარება, რომლებმაც ბინა არქის მშენებარე პროექტში შეიძინეს. შეიძლება თამამად ითქვას ისიც, რომ არქიმ მისი ცხოვრება რადიკალურად დადებითად შეცვალა, რამდენიმე ხნის წინ ის არქის დიდ ოჯახსაც შემოუერთდა და არქელი გახდა.
პირველი დღე არქიში
„ჩემი პირველი დღე არქიში საინტერესო გამოცდილების მომტანი გამოდგა. პირველ რიგში, როცა მოვედი, თავად პერსონალური ასისტენტის პოზიცია ახალი შექმნილი იყო. მახსოვს, ძალიან აქტიური დღე მქონდა, რაც ბუნებრივიცაა - მე ხომ მომსახურების სფეროში შემოვდგი ფეხი. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ღელვაც თან ახლდა, თუმცა იმდენად პოზიტიურად და დადებითად განწყობილი გუნდი დამხვდა, ყველაფერმა ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა“.
ჩემი საქმიანობის შესახებ
„პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია მოიწყინო. როცა პერსონალური ასისტენტი ხარ, შეიძლება ითქვას ისიც, რომ „მომხმარებლის ხმას“ წარმოადგენ და იმ ადამიანებს ეხმარები, რომლებმაც ოცნება აისრულეს და ბინა არქიში შეიძინეს. ჩვენ ყველა იმ პროცესის მოგვარებაში ვმონაწილეობთ, რომლებიც გაყიდვების შემდგომ პერიოდს ახლავს თან. მაგალითად, პერსონალური ასისტენტები არქელებს ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით ბინის საგადამხდელო საკითხების, გეგმარებების და იურიდიული ასპექტების შესახებ. ჩვენ და არქელები ერთად გავდივართ იმ გზას, რაც ბინის შეძენიდან ბინის ჩაბარებამდე გადის. სწორედ, სხვადასხვა ტიპის ადამიანთან, განსაკუთრებით კი, ემიგრანტებთან მუშაობა, უდიდეს პასუხისმგებლობას მაგრძნობინებს. ყველაზე ამაღელვებელი მომენტია კი ისაა, როდესაც საოცნებო ბინის გასაღების გადაცემის მომენტში, ადამიანების ანთებულ თვალებსა და ბედნიერ სახეებს ვხედავ ხოლმე.“
ყველაზე მეტად, რაც არქიში მომწონს
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს. პერსონალური ასისტენტები ერთ ოთახში ვსხედვართ ხოლმე, რაც ჩვენ შორის კიდევ უფრო ზრდის გუნდურ, პოზიტიურ და ერთმანეთის მხარდამჭერ გარემოს. თავად არქის რაც შეეხება, ყოველ ეტაპზე ვგრძნობ, რომ ეს კომპანია ზრუნავს ჩემზე, როგორც თანამშრომელზე. ვიცი, რომ აქ ყოველთვის მომისმენენ, ჩემს აზრს გაითვალისწინებენ და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება“.
რომ არა არქი...
„არქიში არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, ასევე პიროვნულადაც ძალიან გავიზარდე. აქ ვისწავლე, თუ როგორ უნდა ვმართო მოლაპარაკებები, გავუმკლავდე ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციას, რაც მომსახურების სფეროს თან ახლავს ხოლმე. ასევე არქისთან უდიდესი ემოციური კავშირი მაქვს, რადგან სწორედ აქ გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც გახდა არქელი. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ კომპანიის გუნდის წევრი ვარ, არქის დიდ ოჯახსაც შევუერთდი.
ჩემი გეგმები
„ვგეგმავ, პროფესიულად ჩემი თავი მეტად განვავითარო, დავხვეწო და ხელი შევუწყო სერვისის დეპარტამენტის პროცედურების და მომსახურების გაუმჯობესებას. მაქვს სურვილი, რომ არქის მაცხოვრებლებს, ჩემს გუნდთან ერთად, უფრო დახვეწილი და მათზე მორგებული სერვისები შევთავაზო.
ჩემი დიდი ოცნებაა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი მქონდეს. ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და ესკიზების შექმნა. სკოლის პერიოდში სულ ვხატავდი და მოდის დიზაინერობაზე ვფიქრობდი. შემდეგ სულ სხვა მხრივ წავედი და პროფესიად ბიზნესის მიმართულება ავირჩიე. თუმცა ძალიან მსურს ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულო და ჩემი პროფესიაც ამ მიმართულებით მივმართო. რაც მთავარია, შემიძლია ეს ყველაფერი ჩემს საქმესთან პარალელურად გავაკეთო.“