შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
თუ სახლის მცენარე პირველად გაქვს, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ მისი მოვლისთვის მორწყვის გარდა სხვა რაღაცებიცაა საჭირო. არა, დიდ ძალისხმევას და მუდმივ ყურადღებას არ საჭიროებს, თუმცა არსებობს მოვლის პრინციპები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო, რათა მცენარე ჯანმრთელი იყოს და დიდი ხანი გაძლოს. ამაში ეს ბლოგი დაგეხმარება.
მორწყვა
რა თქმა უნდა, მორწყვა სავალდებულოა, მაგრამ სახლის ყველა მცენარეს მეტ-ნაკლებად განსხვავებულად სჭირდება მორწყვა. მაგალითად: კაქტუსებს ცოტა წყალი სჭირდებათ, აყვავებულ მცენარეებს უფრო მეტი. ზედმეტი წყალი ხშირად მცენარის დაჭკნობის მიზეზი ხდება, ამიტომ, უმჯობესია წყალი დააკლო, ვიდრე ზედმეტად დაატენიანო ნიადაგი. მცენარე უნდა მოირწყას არა გრაფიკის მიხედვით, არამედ ნიადაგის სიმშრალის გათვალისწინებით. როცა მიწის ზედა ნაწილი სამ სანტიმეტრამდე იქნება მშრალი ნიშნავს, რომ მცენარეს მორწყვა სჭირდება.
სასუქი
მცენარის განაყოფიერება დამოკიდებულია მცენარის ზრდის ტემპსა და წელიწადის დროზე. სახლის მცენარეების უმრავლესობა გაზაფხულზე და ზაფხულში იზრდება, ამიტომ ეს საუკეთესო პერიოდია სასუქის დასაყრელად. ისევე, როგორც ზედმეტი მორწყვა, ზედმეტი სასუქიც დამაზიანებელია, რადგან ფესვების დაწვას იწვევს. ყველა სასუქს ეტიკეტზე ინსტრუქცია აქვს, რომელიც გამოყენებისას უნდა გაითვალისწინო.
გადარგვა
თუ მცენარე ქოთანში აღარ ეტევა ნიშნავს, რომ მისი გადარგვის დროა. გაითვალისწინე, ზედმეტად დიდ ქოთანში გადარგვა საჭირო არაა. მაგრამ, თუ იგივე ქოთანში გსურს დატოვება, მცენარეს ბასრი დანით მოაჭერი ცოტა ფესვები და კვლავ იმავე ქოთანში ჩარგე. როგორც სასუქის დასაყრელად, გადარგვისთვისაც საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და ზაფხულია.
მტვრის მოცილება
მცენარეებს მტვერი ედებათ, ამიტომ გარეცხვა და გაწმენდა სავალდებულოა. მცენარე უნდა გარეცხო ოთახის ტემპერატურის წყლით, ნაზი შხაპით ან დაასველო რბილი ფუნჯი და ისე გაწმინდო. გლუვ ფოთლებიანი მცენარეებისთვის შეგიძლია ნაზი ქსოვილი გამოიყენო და ფრთხილად მოაშორო მტვერი. მცენარის გაწმენდა მხოლოდ სისუფთავისთვის და სილამაზისთვის კი არა, იმისთვისაცაა, რომ მან უკეთ მიიღოს სინათლე.
გასხვლა
მცენარის გასხვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია, მაგრამ უმჯობესია შემოდგომაზე, რადგან ზაფხულის შემდეგ ზრდა დასრულებული აქვს და ზედმეტი ნაწილები მოსაშორებელი ექნება. მოაშორე დამჭკნარი, დაავადებული ფოთლები და ღეროები. მოაჭერი ღეროს წვერი და ზედა ფოთლები, რათა კვირტებს ზრდაში ხელი არ შეეშალოს. მცენარე, რომელიც სწრაფად იზრდება ხშირად უნდა გასხლა.
მწერებისგან დაცვა
სახლის მცენარეების დამაზიანებელი მწერების უმრავლესობა იმდენად მცირე ზომისაა, რომ შეიძლება ვერც შეამჩნიო. შხაპი კარგად აშორებს მწერებს, ასევე, ეფექტურია სპირტი. მიაქციე ყურადღება, ზედმეტად არ იყოს მიწა დატენიანებული, რადგან ზოგი მავნებელი სველ მიწას ეხვევა და მათ მოსაშორებლად ნიადაგის გაშრობა-გასუფთავებაა საჭირო, ხოლო თუ მაინც ეხვევიან მწერები სხვა ნიადაგში გადარგვაა გამოსავალი.
მცენარეები გარდა იმისა, რომ დეკორაციის ნაწილი ხდება და ინტერიერს ალამაზებს, მათი მოვლა ადამიანს ამშვიდებს. ამიტომ, თუ მცენარის დამატება გადაწყვიტე, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიგიღია.