შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ფერებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავთ. მეცნიერულად დამტკიცებულიც კია, რომ ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს განწყობაზე, შრომისუნარიანობაზე, ენერგიასა და ჯანმრთელობაზეც კი. სწორედ ამიტომ ინტერიერისთვის ფერების შერჩევა სასიამოვნო საქმიანობასთან ერთად საპასუხისმგებლოცაა. ფერი სხვადასხვა კრიტერიუმით უნდა შეარჩიოთ: თუ რა დროს ატარებთ ამა თუ იმ ოთახში, როგორი ცხოვრების სტილი და საქმიანობა გაქვთ. ერთ-ერთი სივრცე, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ, საძინებელი ოთახია. კარგი ძილი და დასვენება თქვენი ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება. ფერები სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია, რომლებიც ხელს გიწყობთ იძინოთ უკეთ და შეიქმნათ ის გარემო, სადაც კარგად დაისვენებთ. ინტერიერის დიზაინერები თვლიან, რომ საძინებელში ფერების შერჩევისას, პირველ რიგში, ინტუიციას უნდა ენდოთ. ყველა ადამიანი უნიკალურია, შესაბამისად, ფერების ინტუიციურად შერჩევით, თქვენ უნიკალურ დიზაინს ქმნით. ამასთან ერთად, არსებობს სხვადასხვა წესი, თუ როგორ უნდა შეუსაბამოთ ესა თუ ის ფერი და მიღებული კომბინაციები საძინებლის ინტერიერის დიზაინში გადაიტანოთ.
როდესაც ინდივიდუალურობასა და უნიკალურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საძინებელი ოთახის ფუნქციურობაც. მაგალითად, ზოგი ადამიანი დილით ადრე იღვიძებს და მალევე იძინებს, ზოგი კი ღამე მუშაობს და დილით სძინავს ხოლმე. სწორედ ამის მიხედვით უნდა შეირჩეს ფერებიც. ის ადამიანები, რომლებიც დილით ადრე იღვიძებენ, ბევრი სინათლე და ნათელი ფერები სჭირდებათ. მათთვის ყველაზე შესაფერისი შემდეგი ფერებია: პასტელური ტონები, მკრთალი ყვითელი, ცისფერი და ღია მწვანე, პასტელური ვარდისფერი. ჩამოთვლილი ფერები პოზიტიურ ემოციებს აღძრავენ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნიან. რაც ყველაზე მთავარია, ისინი გეხმარებათ დილით ადრე გაიღვიძოთ და ადგომა გაგიადვილდეთ. ღია ფერი, რომელიც გამოყენებულია კედლებზე, ჭერზე ან ხის ავეჯზე, კომბინაციაში, სივრცულ, ჰაეროვან ემოციებს გიქმნით. ღია ფერები ასევე გეხმარებათ დეფექტების დაფარვაში. მაგალითად, თუ თქვენი საძინებლის კარი არ მოგწონთ ან თვლით, რომ ოთახის ინტერიერში არ ჯდება, შეგიძლიათ კედლის ფერად შეღებოთ. ეს საუკეთესო ვარიანტია იმისთვის, რომ კარი არ გამოცვალოთ და ზედმეტი ხარჯი არ გაიღოთ.
რაც შეეხება მუქ ფერებს, ისინი მყუდრო ინტერიერის შექმნაში მონაწილეობას იღებენ. ლურჯს, მწვანესა თუ ნაცრისფერს შეუძლიათ საძინებელში დამამშვიდებელი ატმოსფერო შექმნან. ეფექტური შედეგის მიღწევა შეგიძლიათ, თუ კედელს ერთი ფერის სხვადასხვა ტონით შეღებავთ.
ცალკეული ფერების შემთხვევაში, დღევანდელობაში ის ფერებია პოპულარული, რომლებსაც უწინ ნეიტრალური ტონები ანაცვლებდათ. საძინებელ ოთახში უფრო და უფრო ხშირად ხმარობენ იასამნისფერს, ლურჯსა და შავს. ასევე პოპულარულია ვარდისფერის გამოყენებაც. თითოეული მათგანი ინტერიერში გლამურულ სტილს ქმნის.
ტრადიციული და ხშირად გამოყენებადი ფერები კი თეთრი და ცისფერია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ ორ ფერს შესწევს უნარი, შექმნან ნაზი და მშვიდი ატმოსფერო, რაც ძილისთვის აუცილებელი პირობებია. თუ ამ ფერებს ნაცრისფერსაც დაუმატებთ, ინტერიერის სკანდინავიურ სტილს მიიღებთ. თეთრის არაჩვეულებრივი ალტერნატივა ფირუზისფერია, რომელიც იმდენად თვითმყოფადი ფერია, დამატებითი დეკორირება არ სჭირდება.
2020 წლისთვის ბეჟისფერისა და ლიმონისფერის კომბინაცია მოდური არჩევანია. ამ ორი ფერის თანხვედრით თქვენ ქმნით ორიგინალურ დეკორს, რომელიც სავსეა მყუდროებითა და სითბოთი. ბეჟისფერს ინტერიერში სიწყნარე შემოაქვს, ლიმონისფერს კი - მზის სხიები. საბოლოო ჯამში კი, ორივე მათგანი სივრცეს ვიზუალურად ზრდის და პოზიტივით ავსებს.
ფერების შერჩევისას საძინებელი ოთახის ზომაც უნდა გაითვალისწინოთ. დიდი ფართის საძინებელ ოთახში უმჯობესია მუქი ფერები გამოიყენოთ, რომელთაგან უპირატესობა ყავისფერს ენიჭება. ყავისფერი კედლები და ღია ფერის ავეჯი არაჩვეულებრივად ერწყმის ერთმანეთს და კაპუჩინოს ეფექტს წარმოქმნის.