შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ქრისტიანულ ოჯახებში ტრადიციული სამზადისი იწყება. ჩვენს წინა ბლოგებში, თქვენ გაეცანით სააღდგომო დეკორისა და კვერცხების შეღებვის სხვადასხვა იდეასა თუ რჩევას. მათი გათვალისწინებით, თქვენი სახლი ნამდვილად გამორჩეული იქნება სადღესასწაულო განწყობითა და ვიზუალით. ამ ბლოგში კი წარმოგიდგენთ იდეებს, რომლებიც დაგეხმარებათ სააღდგომო მაგიდის ორიგინალურად და ესთეტიკურად გაწყობაში.
საქართველოში ყველა დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი მაგიდის გაწყობა და საყვარელ ადამიანებთან ერთად სადილობაა. სააღდგომო დეკორი, ჭურჭელი, აქსესუარები და კერძები განწყობის ამაღლებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. განვიხილოთ თითოეული ელემენტი, რომელიც შეგიძლიათ მაგიდაზე განათავსოთ.
პასკა - სააღდგომო პური
თავდაპირველად პასკა პურის სახით იყო წარმოდგენილი. მისი დღევანდელი ფორმა მხოლოდ მე-19 საუკუნიდან ითვლის საწყისს. თანამედროვე პასკა პოლონეთის მეფის, სტანისლავ ლეშინსკის მზარეულის გამოგონებაა. სიმბოლურად აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.
დღეს პასკა სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია და მის გასაფორმებლად უამრავი ვარიაცია არსებობს. პასკის თავზე შაქრის პუდრის დაუმატეთ ფერადი მარმელადი, თხილეული და ჩირები, მარციპანის ყვავილები, ტკბილი მარგალიტის ბურთები და ყველაფერი რაც თქვენს გემოვნებაში ჯდება. მთავარია გამოყენებული გაფორმება იყოს ნატურალური ან უსაფრთხო მასალებისგან დამზადებული. შემოატარეთ პასკას ფერადი ლენტი, დაალაგეთ გარშემო კვერცხები და გაუმასპინძლდით თქვენს ოჯახის წევრებსა და სტუმრებს.
შვედური აღდგომის ხე
წელს შვედურ სააღდგომო ხეს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სააღდგომო დეკორაციაში. მისი დიზაინი, ვიზუალის გარდა სიმარტივითაც გამოირჩევა. შვედური აღდგომის ხის შექმნა მინიმალური ბიუჯეტითა და უნარებითაც არის შესაძლებელი. თუ როგორ შეგიძლიათ ტოტების გაფორმება, ამაზე წინა ბლოგში ვისაუბრეთ.
ჯეჯილთან ერთად, აღდგომის ხეც დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სადილს. თუ მისი დეკორის შექმნისას სასადილო ოთახის აქსესუარების ან ავეჯის ფერებსა და მატერიებს გაითვალისწინებთ და მათ შეუხამებთ, შედეგი ნამდვილად გემოვნებიანი და ჰარმონიული იქნება.
სააღდგომო ჭურჭელი
თქვენს სააღდგომო სუფრაზე, რამდენიმე თემატური ჭურჭლის განთავსება სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ. კურდღლის ფორმის კვერცხის ჩასადები, საგაზაფხულო პრინტის ხელსახოცები, ფერადი სანთლები და სასანთლეები, ხელნაკეთი აღდგომის ხე ტოტებისგან ან ბზისგან და სხვა ბევრი აქსესუარი დაგეხმარებათ მაგისი ორიგინალურ გაფორმებაში. ეცადეთ, რომ აირჩიოთ 3-4 ფერის ელემენტები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, ასე თქვენი მაგიდა არ გადაიტვირთება და თითოეული ნივთი მეტად თვალსაჩინო გახდება.
ჯეჯილი
ჯეჯილი სააღდგომო მცენარეა, რომელიც სინაზითა და სიჯანსაღით გამოირჩევა. მის გაზრდასა და შენახვაზე წინა ბლოგში გესაუბრეთ. თუ თქვენი ჯეჯილი მოვლილი და გაზრდილია, თავისუფლად გამოიყენეთ იგი როგორც მაგიდის მცენარეული გაფორმება. მეტი ესთეტიკურობისთვის, უმჯობესია თუ ჯეჯილი ხის ან რაიმე დახვეწილი მატერიის ჭურჭელში იქნება გაზრდილი. ჯეჯილის გარშემო კვერცხების დალაგებაც შეგიძლიათ. წითელი და ფერადი კვერცხები ძალიან უხდება ხასხასა მწვანე ჯეჯილს.