შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
2020 წლის პანდემიამ სახლში სამუშაო ოთახის აუცილებლობა ნათლად დაგვანახა. არა მხოლოდ პანდემიის დროს, სამუშაო ოთახი მაშინაც საჭიროა, თუ სახლიდან მუშაობთ, სწავლობთ ან თქვენს საყვარელ საქმეს აკეთებთ. კომფორტულად მოწყობილი სამუშაო ოთახი ან კუთხე გეხმარებათ, თქვენი საქმე პროდუქტიულად და ენერგიებით სავსემ შეასრულოთ.
როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი?
თუ გადაწყვიტეთ, რომ სამუშაოდ ცალკე სივრცე გჭირდებათ, აუცილებლად ფანჯრებიანი ოთახი აარჩიეთ. შემომავალი ბუნებრივი სინათლე პროდუქტიულობის ერთ-ერთი წყაროა. ასევე უმჯობესია, თუ თქვენი ფანჯრებიდან ხედი სიმწვანეზე გადის და მანქანების ხმაური თქვენამდე არ აღწევს. კონცენტრაცია ხომ პროდუქტიული მუშაობის დროს აუცილებელია?!
თუ თქვენი ბინა დამატებით ფუნქციურ ოთახს ვერ იტევს, სამუშაო კუთხე მოიწყვეთ. ეს უკანასკნელი უმჯობესია მისაღებ ოთახში არ იყოს, რადგან სტუმრიანობა მუშაობაში ხელს შეგიშლით.
სამუშაო მაგიდა, სკამი და თაროები - თქვენს კომფორტზე უნდა იყოს მორგებული. დაფიქრდით იმ ავეჯზე, რაც აუცილებლად გჭირდებათ - რა მოცულობის უნდა იყოს სათავსო, რამხელა უნდა იყოს მაგიდა და გესაჭიროებათ თუ არა ტექნოლოგიური მოწყობილობები. ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ სივრცე სწორად დააგეგმაროთ და ზედმეტი ნივთებით არ გადატვირთოთ.
ფუნქციურობასთან ერთად ესთეტიკური მახასიათებლების გათვალისწინებაც არ არის ურიგო. ყველაზე მეტად გლამურული და თვალისმომჭრელი ეფექტის შექმნა სანათებს შეუძლიათ, რომლებიც ოქროსფერი დეტალებით არიან დამშვენებულები.
როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, სამუშაო ოთახი ბუნებრივი სინათლით სავსე უნდა იყოს. ეს უკანასკნელი გეხმარებათ თავიდან აირიდოთ თვალებისა და თავის ტკივილი. შესაბამისად, მუშაობის პროცესი უფრო პროდუქტიული ხდება და ენერგიაც უფრო დიდხანს გინარჩუნდებათ.
პრაქტიკული იქნება, თუ კომპიუტერს და ლეპტოპს ისეთ ადგილას დადგამთ, სადაც მზის სხივები ეკრანს ნაკლებად მიწვდება და მუშაობაში ხელს არ შეგიშლით.
აირჩიეთ ის ფერები, რომლებიც გიყვართ და გსიამოვნებთ. ოთახის კედლების, თაროებისა და ჭერის ერთ ფერში შეღებვა სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს ხდის. თუ კრეატიული სამსახური გაქვთ, ფერებით სავსე გარემო ინსპირაციის მოძიებაში დაგეხმარებათ.
თუ თქვენ სამუშაო კუთხე გაქვთ, გეცოდინებათ თითოეულ სანტიმეტრსაც კი რამხელა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ სივრცე როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურადაც უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, საოფისე ფურცლების დაორგანიზებაში კედლებზე დამონტაჟებული თაროები დაგეხმარებათ. თქვენთან ახლოს შეინახეთ ვერტიკალურ თაროებზე განლაგებული მნიშვნელოვანი საქაღალდეები. პატარ-პატარა სათავსოების ქონა არასდროს არის ცუდი იდეა.
არ აქვს მნიშვნელობა სამუშაო ოთახში რა აქტივობას ასრულებთ, კომპიუტერი ან ლეპტოპი, ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ. მათი გამოსხივება კი ზოგჯერ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. საუკეთესო გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად მცენარეებში უნდა ეძიოთ. მცენარეებს შეუძლიათ ჯანსაღი, შთამაგონებელი გარემო შექმნან და სამუშაო ოთახის ინტერიერს ინდივიდუალური შტრიხიც შემატონ.