შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურების უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. სწორედ ასე მოიქცა არქიც. კომპანიის თანამშრომლების 90% უკვე სახლიდან მუშაობს, რაც მუშაობის პროცესს 1%-ითაც არ უშლის ხელს. არქის თანამშრომლები სახლიდან გაუსვლელად ეხმარებიან მომხმარებელს შეარჩიონ სასურველი ბინები თბილისში. სახლში მუშაობა პროდუქტიული და სასიამოვნო რომ იყოს და თავი მოტივირებულადაც იგრძნოთ, რამდენიმე ჩვენი რჩევა გაითვალისწინეთ.
თვითიზოლაცია სტანდარტული მუშაობის სტილს ცვლის. სწორედ იმიტომ, რომ თქვენი დღის რუტინა არ დაარღვიოთ, დილა ისეთივე შემართებით უნდა დაიწყოთ, როგორც უწინ იწყებდით. გაღვიძებისთანავე მიიღეთ შხაპი, დაივარცხნეთ თმა, ჩაიცვით ისე, თითქოს ოფისში ან შეხვედრაზე მიდიხართ. თითოეული ეს პროცედურა დაგეხმარებათ თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა აიმაღლოთ. წარმატებული სამუშაო დღე დისციპლინით იწყება, არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურში დილის 9 საათზე უნდა „იყოთ“ თუ შუადღისას. მოიმზადეთ ჩაი, ყავა, დაიდგით წყალი, სამუშაოს დაწყებამდე შეგიძლიათ გადახედოთ ახალ ამბებსაც და ცოტა ხანში შეუდგეთ მუშაობას.
სამუშაო კუთხის მოწყობა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ თვითიზოლაციის პერიოდში მუხტი არ დააგდოთ და მუშაობაც პროდუქტიული გახადოთ. უმჯობესია, თუ სამუშაო კუთხეს ცალკე ოთახში მოიწყობთ, რათა ყურადღება ოჯახის წევრებმა არ გაგიფანტონ. თუ მშობლები ხართ და პატარა ასაკის ბავშვები გყავთ, რომლებიც შესაძლოა მთელი დღე სახლში დარბოდნენ ან ხმამაღლა საუბრობდნენ, ყურსასმენები დაიხმარეთ. ასევე ოჯახის პატარა წევრებს აუხსენით, რომ თქვენს ახალ „ოფისში“ ხართ და მათთან თამაშს შესვენებაზე ან „სახლში დაბრუნებისას“ შეძლებთ.
პროდუქტიული მუშაობისთვის შესვენება აუცილებელია რამაა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა სახლიდან გიწევთ, შესვენება ისევე გეკუთვნით, როგორც მუშაობის სტანდარტული რეჟიმის დროს. დილით საუზმე გაიმზადეთ, შუადღისას კი ლანჩისთვის შეისვენეთ. არ მოიტოვოთ საუზმე ლანჩის დრომდე და ეცადეთ ეს რუტინად აქციოთ. სახლში შესვენებას თავისი უპირატესობები აქვს. ახლა უფრო მეტი დრო გრჩებათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის, ბავშვებთან თამაშისთვის, ვარჯიშისთვის, მუსიკის მოსასმენად თუ უბრალოდ შუადღის ძილისთვისაც კი.
დაისახეთ პატარა, ასრულებადი მიზნები. გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ ერთ რამეზე მოახდინეთ ფოკუსირება, საკუთარი თავი კი, თუნდაც, ყავაზე შესვენებით დაასაჩუქრეთ.
ჩვენ ყოველთვის განვიცდით იმას, რომ პატარ-პატარა აქტივობებისთვის დრო აღარ გვრჩება. ახლა კი ზუსტად იმის დროა, რომ სასურველი წიგნი წაიკითხოთ, საყვარელი ფილმი ნახოთ ან ახალი ენა თუ მუსიკალური ინსტრუმენტი შეისწავლოთ. გაითვალისწინეთ, რომ ის დრო, რომელიც უწინ საცობებში, გზაზე გეხარჯებოდათ, ახლა თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს.
თუ პრიორიტეტებს სწორად დააწყობთ და დისციპლინასაც დაიცავთ, სახლიდან მუშაობას სასიამოვნო პროცესად გადააქცევთ. აუცილებლად გამოყავით სამსახურისა და ოჯახის დრო, რათა რომელიმე მათგანმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. გვახსოვდეს, რომ სახლში დარჩენა ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტია დავიცვათ საკუთარი თავი და ერთმანეთი კორონავირუსის პანდემიისგან.