შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ბინის შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. უფრო მეტი ბედნიერება კი იმ პროცესსა და შედეგს მოაქვს, როდესაც ეს ბინა მყუდრო სახლად გარდაიქმნება. ჩვენი იდეები და გემოვნება, დროის განმავლობაში, სიმყუდროვის მოწყობის შესახებ იცვლება ხოლმე. ამ იდეების განსახორციელებლად კი ყოველწლიურად კაპიტალური რემონტის ჩატარება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ამიტომ ალტერნატივად ზონირება გვევლინება. ეს უკანასკნელი სივრცის გარდასაქმნელად და ორგანიზებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.
სახლის ზონირება სივრცის დასაზოგად და ლამაზი ინტერიერის შესაქმნელად პრაქტიკული ვარიანტიცაა. ბევრი ფიქრობს, რომ სივრცის განცალკევებისთვის დამატებითი კედლების აშენება გჭირდებათ, რაც დიდ სამუშაოს, ხარჯებსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა არსებობს ზონირების სხვა მარტივი და პრაქტიკული საშუალებებიც, როგორებიცაა, სხვადასხვა ფერის, შპალერისა და იატაკის საფარის გამოყენება. ზონირების ყველაზე მარტივი გზა კი ფარდებისკენ გადის.
ფარდას, როგორც ზონირების საშუალებას, უამრავი უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, ეს მისი დაბალი ფასი და ჭერზე დაკიდვის სიმარტივეა. ის არაჩვეულებრივად ზოგავს სივრცეს. ფარდები, ფერებით და შპალერით ზონირებისგან განსხვავებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოხსნათ. ოთახების განსაცალკევებელი ფარდის ქსოვილის შერჩევისას განათება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. თუ ოთახი სავსეა ბუნებრივი სინათლით და არის ფართო ზომის, გამჭვირვალე ფარდები ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება. ჩაბნელებულ ოთახებში ზონირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი ფერის ფარდები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ბევრი ხელოვნური სინათლე დაგჭირდებათ.
სამზარეულოს ზონირებისთვის ისეთი ფარდები აარჩიეთ, რომლებიც თხელი და ნაზი არ იქნება. ამით უსაფრთხოების ნორმებს დაიცავთ. რადგანაც სამზარეულოში საჭმელს ამზადებთ, გამყოფი ფარდები მარტივად არ უნდა ისვრებოდეს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ბამბუკის ჟალუზების გამოყენებაა. ისინი მარტივად ირეცხება და იწმინდება.
საბავშვო ოთახში უმჯობესია თხელი ფარდები გამოიყენოთ. სათამაშო ადგილის და დასვენების სივრცის ზონირება კი ბავშვებს გაუმარტივებთ ზუსტად მიხვდნენ, რა სივრცეში ითამაშონ და რა სივრცეში დაისვენონ.
აქვე შეგახსენებთ, რომ თუ არქის პროექტში ცხოვრობთ და ფარდის შეძენა მოგინდათ, არქი ქარდის დახმარებით ფარდებს სპეციალური ფასდაკლებით მიიღებთ.
შირმები
ზონირების ერთ-ერთი გავრცელებული გზა ტიხრებია. შირმა-ტიხარი ინტერიერის უძველესი დეტალია, რომელიც ბოლო დროს უფრო და უფრო შემოდის მოდაში. მრავალფუნქციური და მოხერხებული შირმები ინტერიერს ელეგანტურობასა და ხიბლს ჰმატებს. შირმების უპირატესობა მათ სიმარტივეშია. ისინი მსუბუქია და მათი გადატანა-გადმოტანა მარტივად შეგიძლიათ. მათი დამზადებაც კი იმდენად მარტივია, რომ საკუთარი ხელებით შეგიძლიათ დაამზადოთ. თანამედროვე შირმების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 8-ფრთიანი შირმა-ტიხარი სტრუქტურულად და ფერებით ერთმანეთისგან განსხვავდება. მყუდრო ინტერიერის შესაქმნელად სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებაა საჭირო. არსებობს დასაკეცი, დრეკადი და შირმა პანელები. თანამედროვე დიზაინის წყალობით, ძველებურ შირმებს მოდერნული დიზაინები ანაცვლებს და ის ინტერიერის ერთ-ერთ მოდურ აქსესუარად ყალიბდება.