შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქიმ 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს საჭირო პროდუქცია გადასცა
არქი გამოეხმაურა თბილისის მერიის ინიციატივის მესამე ტალღას და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადასცა საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები. პროდუქციის დარიგებაში წითელი ჯვრის მიერ გადამზადებულ მოხალისეებთან ერთად არქელებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.
„ჩვენ მთელი ძალებით ვაგრძელებთ ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ. თბილისის მერიის ინიციატივას კვლავ შემოვუერთდით და ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მადლობას ვუხდი თბილისის მერიას ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო წითელი ჯვრისა და მათი მოხალისეების უდიდესი როლი ამ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, როგორც უწინ, არქელები კვლავ ჩვენ გვერდით დგანან და აქტიურად მონაწილეობენ ამ სოციალურ კამპანიაში“, - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.
არქიმ განაცხადა, რომ კომპანია ასეულობით ათას ლარს გამოყოფს კორონავირუსთან ბრძოლისთვის და სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში გადასცა დღეს 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს საჭირო პროდუქცია. ეს არქისთვის პირველი შემთხვევა არ არის. პანდემიის დასაწყისშივე, არქი აქტიურად შეუერთდა თბილისის მერიის ინიციატივას.
„კომპანია „არქი“ კვლავ გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ამ სეზონზეც ჩვენ გვერდით დგას. დიდი მადლობა მათ, რომ მიმდინარე პროცესებში საკუთარი წვლილი შეაქვთ. ამ მძიმე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კომპანიის ჩართულობა. რადგანაც კორონა ვირუსით დაავადების რისკჯგუფებში ხანდაზმულები მოიაზრებიან, ისინი დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ამიტომ, თბილისის მერიის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირებს ყველა საჭირო პროდუქციას სახლში მივაწოდებთ, რათა არ მოუწიოთ სახლიდან გამოსვლა“ - განაცხადა თბილისი მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.