შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
აღდგომა ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღეს, სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვება აღინიშნება. აღდგომა ასოცირებულია განახლებასთან, ახალ საწყისთან. სწორედ ამიტომ, სააღდგომო პერიოდში ადამიანები ახალ მიზნებს ისახავენ, პრიორიტეტებს აახლებენ და სიახლეებისკენ ისწრაფვიან.
ახალი წლის შემდეგ, აღდგომის დღესასწაული ყველაზე ფერადი დღესასწაულია. სააღდგომო მორთულობა, დეკორი და დესერტები, თქვენს სახლს გაალამაზებს და გაამხიარულებს.
ამ ბლოგში თქვენ იხილავთ სააღდგომო დეკორისა და მორთულობის სხვადასხვა ვარიანტებს და რა თქმა უნდა, რჩევებს თუ როგორ შევძლოთ იგივე ეფექტის მიღება მარტივად და ბიუჯეტურად.
დავიწყოთ კვერცხების შეღებვით
კვერცხების წითლად შეღებვა პირველი და უმთავრესი ნაწილია სააღდგომო სამზადისში. დღეისათვის უამრავი ხერხი არსებობს კვერცხების შესაღებად. რა თქმა უნდა, ენდროს გამოყენება ყველასთვის ცნობილი მეთოდია. თუმცა, ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია კვერცხების ფერადად შეღებვა.
არ არის აუცილებელი საღებავების შეძენა იმისთვის, რომ კვერცხები შეღებოთ. ამასთან, ნატურალური ინგრედიენტებით შეღებვა, ბევრად უსაფრთხოა. ბუნებრივ საღებავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ენდრო, ხახვის ფოთლები, ჭარხალი, იისფერი კომბოსტო, ისპანახი, კურკუმა, ყავა, მწვანე ჩაი და ა.შ.
იმისათვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს და არ გაიბზაროს, სასურველია, რომ კვერცხები ოთახის ტემპერატურაზე დაიყვანოთ და მაცივრიდან ახალი გამოღებული არ მოხარშოთ. კვერცხის თანაბრად შესაღებად, თავდაპირველად კარგად გარეცხეთ უნდა გაირეცხოს. ასევე შეგიძლიათ სპირტში დასველებული ჩვრით გაწმინდოთ. უფრო მკვეთრი ფერის მისაღებად, კვერცხი შეღებვის შემდეგ უნდა დატოვოთ იმავე ბუნებრივ საღებავში და მთელი ღამით გააჩეროთ მაცივარში. შეღებვის და გაშრობის შემდეგ, თუ კვერცხებს მზესუმზირას ზეთით გაწმენდთ, მეტად მბზინვარე ზედაპირს მიიღებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ლურჯად, ვარდისფრად ან მწვანედ მხოლოდ თეთრ-ნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაა შესაძლებელი, ხოლო წითლად, ყავისფრად ან ყვითლად შეგიძლიათ თეთრთან ერთად მუქ-ნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაც.
სხვადასხვა ფერის მისაღებად ზოგადი პროცედურა თითქმის ერთნაირია – ჯერ მზადდება საღებავის ბაზა, შემდეგ კი ემატება საჭირო ფერადი პროდუქტი, სასურველი ფერის მისაღებად:
ქვაბში ვასხამთ 1 ლ. წყალს, ვამატებთ 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარს, მიგვყავს ადუღებამდე. მდუღარე ნაზავში ვათავსებთ იმ პროდუქტს, რომელსაც ფერის მისაღებად ვირჩევთ და ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე 30 წთ. მიღებულ საღებავს ვაგრილებთ, ვწურავთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვათავსებთ მასში კვერცხებს.
კვერცხების შეღებვასთან ერთად, მათი მოხატვაც საკმაოდ სახალისო და აქტუალურია. თუ ხატვა არ გეხერხებათ, მაშინ ეს მარტივი ხერხი ძალიან გამოგადგებათ. იმისათვის, რომ სააღდგომო კვერცხები ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს, დაგჭირდებათ: ბუნებრივი საღებავი, ნეილონის წინდა და სხვადასხვა ფორმის ფოთლები ან ყვავილები.
მართლმადიდებლური სააღდგომო ერთ-ერთი ტრადიცია ჯეჯილის გაზრდაა. იმისათვის, რომ ჯეჯილი სწორად და სწრაფად გაზარდოთ, საჭიროა ხორბალი გარეცხოთ და მოათავსოთ თბილ წყალში 10-12 საათის განმავლობაში.
ამის შემდეგ თავიდან გარეცხეთ ჯეჯილი და ისევ წყალში მოათავსეთ, მაგრამ ამჯერად თავდახურულ ჭურჭელში დატოვეთ 24 საათით. მეორე დღეს კი შეამჩნევთ, რომ ხორბალს ფესვები აქვს წამოზრდილი.
ამ ეტაპზე ჯეჯილი მზად არის გასაზრდელად. ლანგარზე მოათავსეთ სველი ბამბა და გადაანაწილეთ ხორბალი. ლანგარი თბილ და მზიან ადგილას მოათავსეთ, ეს ხელს შეუწყობს ჯეჯილის სწრაფ ზრდას. ყოველდღიურად დაასველეთ იგი სანამავით და შეინარჩუნეთ სინესტე. 7-10 დღეში ჯეჯილი საკმარისად იქნება გაზრდილი.
დაელოდეთ შემდეგ ბლოგს, რათა მიიღოთ მეტი იდეა და რჩევა სააღდგომო დეკორის შესაქმნელად.
წყარო: luxhome.ge