Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

29/06/2021 _ ინტერვიუ

გაიცანით ელენე ბარათაშვილი - მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

ელენე ბარათაშვილი არქიში მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს და უკვე 4 წელია არქის მომხმარებლებს საინტერესო კამპანიებს სთავაზობს. ელენეს მოსვლის შემდეგ, მარკეტინგის გუნდი კიდევ გაიზარდა და არა ერთი პროფესიონალი თანამშრომელი შემოემატა.

 

არქიში გადმოსვლის შესახებ

 

არქიში მოსვლა ახალი გამოწვევების დასაწყისი აღმოჩნდა. მანამდე, 10 წელი, ჰორეკას განხრით საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში ვმუშაობდი, დეველოპერული საქმიანობა კი ჩემთვის სრულიად ახალი სფერო აღმოჩნდა. მარკეტინგში უმნიშვნელოვანესია, იცოდე, რა სურს და რა სჭირდება შენს მომხმარებელს, მითუმეტეს, თუ საქმე მისი სახლის შერჩევას ეხება. ეს ხომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია. ბუნებრივია, ამის გათვალისწინებით, არქიში გადმოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. კომპანიას საკმაოდ დიდი გეგმები და მიზნები ჰქონდა. ვფიქრობ,  ჩემს გუნდთან ერთად, ამ ყველაფერს, თავი კარგად გავართვით. წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს, რასაც ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ.

 

დღე, რომელიც დამამახსოვრდა

 

განსაკუთრებით დამამახსოვრდა არქის ტრადიციული წინასწარი გაყიდვების ღონისძიება, იგივე „ფრისეილი“. როდესაც ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იწყება, ერთი დღის განმავლობაში ვაწყობთ ღონისძიებას, სადაც  მომხმარებელს ბინის შეძენა დიდი ფასდაკლებით შეუძლია. ჩემი პირველი წინასწარი გაყიდვების ღონისძიება მოსვლიდან 2 თვეში ჩავატარეთ და ასეთი მუხტი, ვფიქრობ, სხვა დროს არასოდეს განმიცდია. ეს იყო ყველაზე საოცარი მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა იმუშაოს ყველა დეპარტამენტმა ერთ გუნდად. ამ დღეს ძალიან ბევრი გახარებული ადამიანი ვიხილე, ვინც საოცნებო ბინა შეიძინა. „ფრისეილზე“ 43 ახალი არქელი ოჯახი შემოგვემატა, რაც იმ პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. თუმცა მას შემდეგ ჩვენი რეკორდი არა ერთხელ გავაუმჯობესეთ და ამ ეტაპზე ერთ დღეში გაყიდული ბინების მაქსიმალურმა რიცხვმა 99-ს მიაღწია.

 

რა მიყვარს ყველაზე მეტად არქიში

 

არქი ის კომპანიაა, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ 4 წლის მანძილზე კომპანიის ტრანსფორმაციის მომსწრე და მონაწილე გავხდი, შესაბამისად, არქის მიმართ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს.

 

აქ მუშაობისას, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან გავიზარდე და ბევრად თავდაჯერებული გავხდი. არქის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ თანამშრომლების განვითარება და მათ პროფესიულ უნარებზე ზრუნვაა. თუ რა არის არქის წარმატების ფორმულა, ვფიქრობ, ეს ოჯახური გარემოა. მსგავსი მიდგომა კომპანიას არა მხოლოდ არქელების, არამედ თანამშრომლების მიმართაც აქვს. ჩვენთან ძალიან მეგობრული, მართლა ოჯახური ატმოსფერო დგას, სადაც თითოეული დეპარტამენტი ერთ გუნდად ვართ შეკრული. მე გუნდური მოთამაშე ვარ, მჯერა, რომ საუკეთესო შედეგები გუნდური მუშაობით მიიღწევა. ძალიან მიხარია, რომ არქის სამუშაო კულტურაც ჩემს ინტერესებს ემთხვევა.

 

კონკრეტულად, მარკეტინგის დეპარტამენტზეც რომ ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის წარმატება ის მეგობრული და თბილი გარემოა, რაც ჩვენთან შეკრებილ პროფესიონალებს კიდევ უფრო აერთიანებს და საუკეთესო შედეგების მიღწევის მოტივაციას აძლევს. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს სამსახურში მისვლა ყოველ დღე უხარიათ. არქიში კი, ერთი მხრივ, არის საქმე, რომელიც გიყვარს, მეორე მხრივ, კი არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ამ საქმის კეთება მოგწონს. როგორი სტრესული თუ დატვირთული სამუშაო დღეც უნდა მქონდეს, ჩემი გუნდის წევრები განწყობას ყოველთვის მიმაღლებენ, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

 

მომწონს, რომ არქი არა მხოლოდ მომხმარებელზეა ორიენტირებული, არამედ ასევე სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიებშიც აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელეთ როგორც გარემოს დაცვის, ქველმოქმედების, ასევე ქართული სპორტის მხარდაჭერის მიმართულებით. ვამაყობ, რომ ვმუშაობ კომპანიაში, რომელშიც ამდენ კეთილ საქმეს ერთად ვაკეთებთ.

 

ყოველწლიურად ვატარებთ სამომხმარებლო კვლევებს და არქის განვითარებას სხვადასხვა ჭრილში ვუყურებთ. როგორც მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდე მომხმარებლის განწყობები და მათი ნდობის ხარისხი. წლიდან წლამდე ვუყურებ, თუ რამდენად ვუახლოვდებით მომხმარებელს. ეს იმაშიც ჩანს, რომ ჩვენი მობინადრეების, არქელების, რაოდენობა 20 000-მდე გაიზარდა. არქელები კი სწორედ ის დიდი ოჯახია, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწილი გახდა.

 

ჩემ შესახებ

 

მე ვარ საკმაოდ ენერგიული და კომუნიკაბელური ადამიანი, რომლისთვისაც ენერგიის წყარო სხვა ადამიანებთან ურთიერთობაა.

 

მიყვარს კითხვა, მუსიკა, ფილმები, სამაგიდო თამაშები, ფეხბურთი, ატრაქციონები, მეგობრების გარემოში ყოფნა. ვფიქრობ, რომ საინტერესო და სასიამოვნო რაღაცები მცირე დეტალებშიც კი შეიძლება იპოვო. ალბათ, აქედან გამომდინარეობს ჩემი დიდი სიყვარული ლეგოსა და ფაზლების მიმართ, სადაც პატარ-პატარა დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სურათს იღებ.

 

მიყვარს მოგზაურობა, ახალი კულტურების გაცნობა და საოცარი შთაბეჭდილებების მიღება. ვცდილობ, ყველაფრიდან, რასაც ვაკეთებ მაქსიმალურად პოზიტიური ემოციები მივიღო, რაშიც არქი გვერდით მიდგას. მიხარია, რომ ამ კომპანიაში ჩემი ყოველი დღე სასიამოვნო შეგრძნებებით აღსავსეა.